Saturday, January 24, 2009

ავადმყოფი



ნოდარ დუმბაძე

დღეს სულ მოწყენილი ვარ,
ხასიათი წამიხდა,
იცით, ჩემი თოჯინა
ძლიერ ავად გამიხდა.
ხმას არ იღებს სრულებით,
არც საჭმელი არ უნდა,
კუ ექიმთან გაიქცა,
რა ვქნა, რომ არ დაბრუნდა?
ყოველ წუთში ოთახში
ნუ შემოხვალ ბებია,
მოერიდე ავადმყოფს,
იქნებ გადამდებია.
ღმერთო ნეტავ საშიში 
არაფერი არ იყოს!
აქ ნუ მოსწევ პაპიროსს,
გარეთ გადი, მამიკო.

გააკეთე შენი ხელით


ბუ, რომელმაც მთვარე გადაყლაპა



 ბერნარ კნაველი
თარგმანი რუსულიდან - თამარ ჩიხლაძე

იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი ბუ, რომელსაც სახელად ვიქტორს ეძახდნენ. 
ის უზარმაზარი ტყის ყველაზე ბებერ მუხაში ცხოვრობდა; ვეებერთელა და დაკოჟრილ მუხაში, რომლისთვისაც ქარიშხალს ერთი ტოტი მოეტეხა და მის ადგილას წვიმასა და მწერებს ღრმა ფუღურო ამოეთხარათ. აი, ამ პატარა გამოქვაბულში ატარებდა მძინარე ვიქტორი მთელ დღეებს.
ღამით ბუ ტოვებდა თავის სადგომს, რათა მინდვრის თაგვებზე, ბიგებსა და პატარა თაგვებზე ენადირა. 
ვიქტორი მაინცდამაინც კარგი ხასიათით არ გამოირჩეოდა და ამის გამო ტყის სხვა ფრინველებს არ უყვარდათ. არა, ბოროტი არ ყოფილა, ცოტა ბუზღუნა და, რაც მთავარია, ტრაბახა გახლდათ. 
დღენიადაგ იმეორებდა:
_ მე, ვიქტორი, ყველაზე მშვენიერი, ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი ვარ. ეს მე ვარ ყველაზე საუკეთესო მონადირე და მეთევზე ბუთა მთელ მოდგმაში. მე ძალმიძს დავიჭირო ყოველნაირი ცხოველი, როგორც წყალში და მიწაზე, ისე ჰაერში.
სხვა ჩიტები ერთმანეთს ფრთებს ჰკრავდნენ და ჩურჩულებდნენ:
_ მთელ ფრინველთა სამყაროში არ მოიძებნება მასზე უფრო პრეტენზიული არსება. ისეთი რა გავაკეთოთ, რომ მას ეს მედიდურება დავაკარგვინოთ?
და აი, ერთ მშვენიერ საღამოს პატარა ეშმაკუნა ბუკიოტი _ მინერვა ბუსთან მივიდა და შეეკითხა:
_ ერთი მიბრძანეთ, ბატონო ვიქტორ, ტირიფებში დიდი გუბე რომ არის, გინახავთ თუ არა?
ბუმ წყენით მხრები აიჩეჩა და უთხრა:
_ რა სულელური შეკითხვაა? ცხადია, მინახავს. მე ხომ ყოვლისმცოდნე და ყოვლისმნახველი ვარ!
_ მართალია! _ ღიმილით უპასუხა პატარა ბუკიოტმა, _ მაპატიეთ, მაგრამ ერთი ეს მითხარით, იცით, რომ იმ გუბეში უშველებელი თევზი-მთვარე ცხოვრობს, რომლის დაჭერაც ჯერ ვერავის გაუბედავს?
ვიქტორს ბუნდოვნად ჰქონდა გაგონილი თევზი-მთვარის ამბავი, მაგრამ კონკრეტულად არაფერი იცოდა და მის სახეზე შეცბუნება რომ არ შეემჩნიათ, ესღა თქვა:
_ ეგ თევზი ტირიფებიან გუბეში რომ ყოფილიყო, უკვე დიდი ხნის შეჭმული მეყოლებოდა.
_ მოგეხსენებათ, ის სულ ერთი კვირაა, რაც იქ არის, თანაც, იცის, რომ თქვენ ყველაზე ძლიერი და დაუნდობელი ხართ. ამიტომაც, როგორც კი დაგინახავთ, მაშინვე იმალება.
ვიქტორმა გადაიხარხარა, მედიდური იერის მისაღებად ბუმბული აიბუა და განაცხადა:
_ წამოდი, პატარავ, და ნახე, ჭკუით სავსე ბუ როგორ იჭერს თევზ-მთვარეს.
სანამ ისინი ამგვარად საუბრობდნენ, ტყის დანარჩენი ჩიტები, ბუკიოტისაგან მოწვეულნი და გაფრთხილებულნი, სულგანაბულნი უსმენდნენ მათ.
მინერვა და ვიქტორი ტირიფებისკენ გაფრინდნენ. გზადაგზა ხის ტოტებზე სხდებოდნენ და აყურადებდნენ. პატარა ბუკიოტი ვიქტორს ეჩურჩულებოდა:
_ ბატონო ვიქტორ, შეეცადეთ, თქვენმა ფრთებმა ხმა არ გაიღოს.
დიდი ბუ ბუზღუნებდა:
_ ნუ წუხხარ, მეც მშვენივრად ვიცი ნადირობის წესები.
სხვა ჩიტები შორიახლო მიჰყვებოდნენ. ისე ფრთხილად მიფრინავდნენ, რომ მათი ფრთების ხმა ტოტებში მოარული სიოს ჩურჩულში იკარგებოდა, _ ჩქამსაც კი არ გამოსცემდნენ. თვით ენაჭარტალა კაჭკაჭიც კი ჭანარივით დადუმებულიყო.
ბოლოს, ბუკიოტმა და ბუმ გუბეს მიაღწიეს. იქით, ტყის გაღმა, სავსე მთვარე ნელა ამოდიოდა. გუბის პატარა ტალღები წყნარად ლივლივებდა, რის გამოც წყალში მთვარის ანარეკლი ოდნავ სხვანაირი მოჩანდა, _ ზოგჯერ წაგრძელდებოდა და დიდმუცლიან თევზს ემსგავსებოდა. 
_ შეხედეთ, _ წასჩურჩულა პატარა ბუკიოტმა ბუს და ნისკარტი ზედ ყურზე მიაწება, _ თქვენ მას ხედავთ ზუსტად შუაგულში.
ვიქტორმა ავად მოჭუტა ცალი თვალი და უხმაუროდ წაიწია წინ, ლერწმებში. მერე ერთბაშად აფრინდა და პირდაპირ ცხვირით ჩაერჭო წყალში. გაისმა დგაფუნი. წყლის წვეთები და მთვარის შუქი ერთად მიმოიფანტა ყოველ მხარეს. მთლად გალუმპული ბუ წყლით დამძიმებული ფრთების ქნევით გაბრუნდა ტყისაკენ. გუბის ზედაპირზე უკვე აღარ ჩანდა მთვარე, მხოლოდ პატარა, შეყვითლებული ტალღები მოძრაობდნენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს წყალზე ათასი ოქროსფერი მარცვალი მოაბნიესო. 
_ ხედავ, თქვა ვიქტორმა, _ ეს არც ისე ძნელია, _ მაგრამ ხმა საოცრად გაბზარული და ჩახლეჩილი ჰქონდა. ვიქტორი ალვის ხის კენწეროზე შემოჯდა, რომ ყველას დაენახა და შეექო. ჩიტები, რომლებსაც დამალვის მიზეზი აღარ ჰქონდათ, გარს შემოერტყნენ და სიცილი ატეხეს. ამის საბაბი კი ნამდვილად ჰქონდათ. შეგიძლიათ, მენდოთ; ერთ სანახაობად ღირდა ამ უზარმაზარი დამრგვალებული ბუს ყურება, რომლის თვალებსაც მთვარის ელვარება მისცემოდა. 
დარცხვენილი ბუ თავისი ფუღუროსაკენ გაეშურა.
ამ ამბის შემდეგ, როცა ცხვირს გარეთ გამოყოფს, რათა ღამის ჰაერი ჩაისუნთქოს, ჩანს მხოლოდ მისი ორი დიდი თვალი, რომელიც მთვარის ორი ნატეხივით ანათებს.

კიკლი-კიკლი



მაყვალა მრევლიშვილი 

კიკლი -
კიკლი,
კიბესა,
ყურცქვიტების ციხესა
ბაჭიები სკუპიან,
მელა კბილებს ილესავს :
- სტაფილო მაქვს ჩანთითო,
აბა, ჩამობრძანდითო!
- არ ჩამოვალთ, არაო,
მელა მატყუარაო!

გააკეთე შენი ხელით


ბროლის ციგა


დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია 


ნათია ლამაზ სოფელში ცხოვრობს.
ჰოდა, სწორედ ამ სოფელში დიდი თოვლი და ახალი წელი ერთად მოვიდა. ნათიას პაპას დიდი თოვლის არ შეშინებია, ადგა და ტყეში წავიდა. ნათია ელოდა, ელოდა პაპას, მერე ბუხართან მიწვა და ტკბილად მიეძინა. ძილში ვიღაცის კვნესა მოესმა. გამოეღვიძა, მიიხედ-მოიხედა და რას ხედავს, _ პაპას ნაძვის ხე მოუტანია, თვითონ ტახტზე წევს და დევივით ფშვინავს.
_ შენ ტირი?.. _ ნათიამ ფრთხილად შეახო ხელი ნაძვს წიწვებზე.
ნაძვმა ტოტები შეარხია და ისევ აზლუქუნდა. ნათია დაიბნა. აღარ იცოდა, რა ექნა. ჯერ პაპასთან მივიდა, შეანჯღრია, მაგრამ დაღლილმა პაპამ მხოლოდ გვერდი იცვალა. მერე ნათია ისევ ნაძვს მიუბრუნდა, იფიქრა, სცივაო, და ბუხართან მიიტანა.
_ იჰ, ქარბუქში გამოზრდილს სითბო რად მინდა, მე ჩემი დედა მინდა, ტყეში მინდა!.. _ ტიროდა ნაძვი.
_ დედასთან გინდა? შე საწყალო, ნუ ტირი, ახლავე წაგიყვან... _ დედისეული თავშალი სწრაფად შემოიხვია, ნაძვი ეზოში გაიტანა, პაპას გაკეთებულ თხილამურებზე შედგა და ტყის გზას დაადგა.
კაშკაშა მთვარის შუქზე თოვლი ბროლივით ციმციმებდა. ყინვამ ნათიას სახე აუწვა და თითები გაუთოშა, ქარმა ნაძვი ერთიორად დაამძიმა.
მაგრამ სიკეთე ვის დაკარგვია ქვეყნად?!
ყინვამ სუსხი უბეში შეინახა, ქარმა ფრთები დაიმოკლა, თოვლმა ზურგი გაიმაგრა. სად იყო და სად არა, ნათიას ბაჭია წამოუხტა და წინ დაუცუცქდა.
_ ნათია, მომყე, ნურაფრისა გეშინია, _ უთხრა და სკუპ-სკუპით წინ გაუძღვა.
ახლა ბუნაგიდან დათუნია დრუნჩა გამოგორდა, ნათიას თავი დაბლა დაუკრა და, ნაძვის ხეს წამოგიღებო, უთხრა.
მელაც გამობრძანდა სოროდან, ჯერ ხეებს ამოფარებული ქურდულად უთვალთვალებდა მგზავრებს, მერე გათამამდა და ისიც უკან გაჰყვა.
ნათია თოვლით დაბარდნილ ტოტებსა და ბუჩქებში მიიკვლევდა გზას. წინ მეგობრები მიუძღოდნენ. უეცრად რაღაც ხმაური გაისმა, ნათია შეჩერდა და ყური მიუგდო. 
_ ამ შუაღამისას ჩვენს სამფლობელოში ვინ შემობედა!.. _ გაჰკიოდა ჭოტი.
_ ჩემი არ გეშინიათ?! _ ყმუოდა მგელი.
ტყის ხმაურმა ისე შეაშინა ნათია, აღარ იცოდა, საით წასულიყო, მაგრამ აქაც ბაჭიამ უშველა.
_ ჩვენი მოკეთეა, ნათლიებო! _ გასძახა ტყეს, თან ნათიას ანიშნა, მომყევიო.
შუა ტყეში დედა ნაძვი იდგა, ტოტებს კენწეროზე იცემდა და მოთქვამდა. უეცრად შეჩერდა და ნათიას დააცქერდა. ჯერ ეგონა, მეჩვენებაო, მაგრამ პატარა ნაძვი თვითონ გაეხმაურა დედას: 
_ დედი! მე ვარ, ვერ მიცანი?! _ შესძახა ნაძვმა და ნათიას შეეხვეწა, დედასთან მიმიყვანეო.
ნათიამ ხე დედასთან მიიყვანა. დედა-შვილი ერთმანეთს გადაეხვია. გახარებული ნათია ხან დედას შეჰყურებდა, ხან შვილს.
_ დათუნი, აბა, ერთი მომეშველე, ფეხზე დავაყენოთ პატარა ნაძვი, _ უთხრა ნათიამ დრუნჩას.
_ მოიცა, ნათია, ჭოტს წამალი ვთხოვოთ, თორემ ისე ჭრილობა არ მოუშუშდება.
_ მოვდივარ, მოვდივარ! _ ჩანთა მოიმარჯვა ჭოტმა და პირდაპირ ხის ძირას დაეშვა.
დრუნჩამ მალამოს გასაკეთებლად გეჯით თაფლი მოიტანა, კოდალამ ხის დახვეული ქერქი გადმოაფინა, ზღარბმა ნემსი მოიმარჯვა და საქმეს შეუდგნენ.
დრუნჩამ ნაძვი გულზე მიიკრა, ჭოტმა და ნათიამ ჭრილობაზე მალამო წასცხეს და ციმციმ შემოდგეს თავის ფესვებზე. მერე გოგონამ კოდალას მიწოდებული ხის ქერქი ზემოდან შემოახვია და თხუნელას დაუძახა, მომეშველეო. ისიც გულმოდგინედ ამუშავდა და ფესვებს მიწა მიაყარა.
_ დაგიამდა ფესვები? _ შესცინა ნათიამ ნაძვის ხეს.
_ დედას გეფიცები, აღარაფერი აღარ მტკივა, _ ტოტები გაშალა ნაძვმა და ნათიას შემოეხვია, _ აბა, რით გადაგიხადო სიკეთე?
_ ნათიას უპატივცემულოდ ნუ გავუშვებთ! _ ახმაურდა ტყე.
_ ნუ შეწუხდებით! _ ხელები გაასავსავა ნათიამ.
_ ეს ჩვენგან, _ კუდბუთქუნა ციყვმა ხმელი ნიყვი და ჩირი ჩამოარბენინა თავისი ფუღუროდან.
_ ეს ჩემგან, _ მაჟალო და ჩაშავებული პანტა ამოზიდა ზურგით ზღარბმა.
_ რა ვქნა, მოუხარშავ ქათამს არ მიირთმევ, თორემ... _ გაინაზა მელა და თავსაფარი შეისწორა.
_ მეხი კი დაგაყარე, ვის რად უნდა შენი ნაქურდალი! _ შეუტია დრუნჩამ და ნათიას თაფლი მიართვა.
_ აჰა, პაპას წაუღე, საახალწლო გოზინაყი და ალვახაზი მოგიხარშოს!
_ გეთაყვა, როგორ წავიღო ამდენი რამე... თანაც, სადაცაა მთვარე ჩავა და გზას ვეღარ გავიგნებ.
_ ეგ ნუ გედარდება, ჩემო ნათია! სხივებით ციგას დაგიწნავ, შიგ ჩაგაბრძანებ და შენს ეზოში მიგასრიალებ, _ გაიბადრა მთვარე და ვერცხლისფერი სხივებით კრიალა ბროლის ციგა დაუშვა ციდან.
ნათია მეგობრებს გამოემშვიდობა და ბროლის ციგით შინისაკენ გასრიალდა. ბაჭიამ მოასწრო და ციგას უკან შეასკუპდა.

პატარა ქართველი


დუტუ მეგრელი 

მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი,
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი.

ქართლ-კახეთი, იმერეთი, 
გურია და სამეგრელო – 
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო.

ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა
ღვთის მშობლისა არის წილი;
ბევრ მწარე დღეს მოსწრებია
და უნახავს ბევრიც ტკბილი:

ხან თუ მტერი აოხრებდა,
იყო მღვრელი ცრემლის ცხარის,
ბრწყინვალე დროც დასდგომია,
დრო დავითის და თამარის!..

მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მეც სიცოცხლე და სიკვდილი!..
1901

თოჯინა



ნოდარ დუმბაძე


მთელ დღეს ასე ატარებ 
უსაქმურად ძილშია,
გუშინ წიგნი მოგეცი, 
არც კი გადაგიშლია.
დაემსგავსე დათუნას
და არა ჭამ არაფერს,
აბა, პირი გააღე 
და კარაქი ჩაყლაპე!
არ მიჯერებ, თოჯინა? 
ნახე, თუ არ განანო
და საღამოს, ძილის წინ,
თავი თუ არ დაგბანო!